Home ახალი ამბები ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ქართველების ერთიანობაა
28 | 03 | 2024
ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ქართველების ერთიანობაა PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili   
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2012 22:10
ინტერვიუ გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარესთან
ლერი დათშვილთან

65 წლის წინ, ომის მრისხანე ტალღებით შორს გატყორცნილმა და გარიყულმა ქართველებმა, ბრძოლებისაგან დანგრეულ და გაპარტახებულ გერმანიაში მონახეს ერთმანეთი, რათა უცხო მიწაზე შეექმნათ პატარა სამშობლოსმაგვარი ატმოსფერო. ამის შედეგად დაარსდა ბავარიის მიწაზე, ქალაქ მიუნხენში ქართული სათვისტომო. მას შემდეგ, წლების განმავლობაში იკრიბებოდნენ ქართველები, საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე ბჭობდნენ, მისი გათავისუფლების გეგმებს აწყობდნენ, ერთი მეორეს ანუგეშებდნენ და ნოსტალგიის დაძლევაში ეხმარებოდნენ. უნებურად ემიგრანტებად ქცეულები, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სათვისტომოს სახელოვანი თავმჯდომარეები და ყველანი მუდამ უკან, სამშობლოში დაბრუნებზე ოცნებობდნენ.
...გადიოდა წლები. საქართველოში იცვლებოდა წყობა, მთავრობები, სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაშიც, ქართველ ემიგრანტთა ახალ-ახალი ტალღების წარმოშობას განაპირობებდა. კვლავ გამოიკვეთა ნახევარი საუკუნის წინ დაფუძნებული ორგანიზაციის აუცილებლობა, თუმცა უფრო სახეცვლილისა, ფუნქციებგაფართოებულისა.

ჩვენი სტუმარია გერმანიის ქართული სათვისტომოს რიგით მერვე თავმჯდომარე -  ბატონი ლერი დათაშვილი. იგი ოჯახთან ერთად უკვე 10 წელია მიუნხენში ცხოვრობს და საკმაოდ დატვირთული სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად დაუღალავად ემსახურება სათვისტომოს. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აეროკოსმოსური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დოქტორი ლერი დათაშვილი დღეს სათვისტომოს შესახებ გვესაუბრება.

- ბატონო ლერი, პირველ რიგში მინდა თქვენ, როგორც გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს, მოგილოცოთ მისი იუბილე. წელს სათვისტომო ხომ 65 წლის ხდება. იქნებ გვიამბოთ სათვისტომოს ისტორიის შესახებ, რამდენადაც დღეისათვის ინფორმაცია მოგეპოვებათ. ვიცი, რომ თქვენ სათვისტომოს ისტორიას იკვლევთ და გარკვეულ ინფორმაციასაც მიაგენით, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ გერმანიის ქართული სათვისტომო 65 წელზე უფრო ძველია.

- დიდი მადლობა იუბილეს მოლოცვისათვის. ეს მოლოცვა მთელ გერმანიის ქართველობას ეკუთვნის, მეც ვუერთები მას და ყველას, ვინც კი გერმანიის დიასპორას წარმოადგენს, როგორც ძველი თაობის, ასევე ახალი თაობისას, ვულოცავ ამ თარიღს.
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ბოლო პერიოდში სათვისტომოს ისტორიას ნამდვილად ჩავეძიე (ძირითადად პროფ. გ. შარაძის, პროფ. რ. დაუშვილისა და ლ. ბაქრაძის შრომების მიხედვით) და ვაპირებ ჩვენს საიუბილეო საღამოზე მცირე სახით წარმოვუდგინო იგი დამსწრეებს.
ჩვენი სათვისტომო იურიდიულად 1945 წელს არის დაარსებული. მისი პირველი თავმჯდომარე იყო ბატონი სანდრო კონძაია, რომელიც, როგორც ბატონი ვახტანგ ჩხაიძისაგან ვიცით, ქალაქ ფოთის მერი ყოფილა ბოლშევიკების მოსვლამდე, იგი სწორედ ამ პერიოდის ემიგრანტია. როდესაც სხვა ინფორმაციას გადაავლებ თვალს, ნახავ, რომ კორძაია 20-იან წლებში, კერძოდ კი 1922 წ. არის ორგანიზაცია - „ქართველ მოქალაქეთა საზოგადოება გერმანიაში” (Gesellschaft Georgischer Bürger in Deutschland e.V.) დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. 30-იანი წლების ბოლოს ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრადაც გვევლინება. 1937 წლიდან საზოგადოება ახალი სახელწოდებით „ქართველთა ახალშენი გერმანიაში” (Georgische Kolonie in Deutschland e.V.) არის ცნობილი. გარკვეულ მიზეზთა გამო გერმანიის პოლიციამ მაშინდელი სათვისტომოს გამგეობა დაშალა და მათთვის სასურველი პიროვნება დასვა ხელმძღვანელად. ომის პერიოდში საერთოდ წყდება ამ ორგანიზაციის მოღვაწეობა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ 1945 წელს ბატონი სანდრო კორძაია მიუნხენში ჩამოდის, სწორედ ამ დროს იქ მყოფი ქართველები მასთან ერთად სათვისტომოს აფუძნებენ და სოციალდემოკრატი სანდრო კორძაია უკვე ახალი დაფუძნებული ორგანიზაციის თავმჯდომარე ხდება. ასე რომ, პირდაპირი და ფუნქციური მნიშვნელობითაც, გერმანიის ქართული სათვისტომო 20-იან და 30-იან წლებში მოქმედი სათვისტომოს მემკვიდრედ უნდა ჩაითვალოს.
ჩვენი სათვისტომო მაშინდელმა პირველმა წევრებმა დღევანდლამდე მოიტანეს და ახალ თაობებს  გადმოგვცეს.

- იქნებ სათვისტომოს თავმჯდომარეები გავისხენოთ.
- როგორც გითხარით, სანდრო კორძაია იყო სათვისტომოს პირველი თავმჯდომარე (1945 – 1953 წწ.).
მეორე თავმჯდომარე იყო ბატონი გიორგი მაღალაშვილი (1953 – 1958 წწ.), პროფესიით ექიმი. მისი ვაჟი კონსტანტინე მაღალაშვილი (მაღალოვი) დღესაც ჩვენი სათვისტომოს წევრი და აქტიური მხარდამჭერია. ისტორიული არქივიდან ფოტოებიც სწორედ მისი დახმარებით მოვიპოვეთ.
სათვისტომოს მესამე თავმჯდომარე იყო ბატონი ვანო ანდრონიკაშვილი (1958 – 1962 წწ).
მეოთხე თავმჯდომარე გახლდათ ნიკო ნაკაშიძე (1962 – 1967 წწ.) იგი იყო საქართველოდან 1924 წელს პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ გამოძევებული.
მეხუთე თავმჯდომარე, 1967 – 1984 წწ., იყო ექიმი გიორგი ვეფხვაძე.
აკმაოდ მნიშვნელოვანია ბატონი ქრისტეფორე კირკიტაძის პერიოდი, იგი სათვისტომოს მეექვსე თავმჯდომარე გახლდათ 18 წლის განმავლობაში (1984 – 2002 წწ.). როგორც ჩვენი უფროსი თაობის წევრები იხსენებენ, კარგი და კეთილი საქმეები კეთდებოდა ამ პერიოდში. ბოლოს კი, გარდამავალ პერიოდში, ბატონი ვახტანგ ჩხაიძე ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სათვისტომოს.

- როდესმე თუ აღმოჩენილა სათვისტომო კრიზისულ მდგომარეობაში პოლიტიკური ზეწოლისა, ფინანსური თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო და თუ მდგარა მისი არსებობის შეწყვეტის საშიშროება?
- როგორც ყველა ორგანიზაციას, და მით უმეტეს ისეთი პოლიტიკური სახისას, როგორიც სათვისტომო ადრე იყო, რა თქმა უნდა, ექნებოდა პრობლემები. ისტორიულ ჩანაწერებში შეხვდებით კიდევაც ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყოფილა შიდა დაპირისპირებები, მასპინძელი სახელმწოფოს მხრიდან უხეში ჩარევის შემთხვევებიც. ასევე იყო უახლეს პერიოდში „ახალგაზრდული სიფიცხის” გამო გაუგებრობები და დაძაბულობები, თუმცა ამ ყველაფერს გაუძლო სათვისტომომ, პოლიტიკური გარემოს ცვლილებასთან ერთად მან ფუნქციაც შეიცვალა და საქველმოქმედო, კულტურულ და სამეცნიერო მტკიცე და სტაბილურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

რიხარდ ვესტი, ლერი დათაშვილი, კარლო ინასარიძე, ნელი ლენცი

- ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებასთან ერთად, იცვლებოდა ემიგრანტთა ნაკადი გერმანიაში, შესაბამისად კი სათვისტომოს ფუნქცია, სპეციფიკა და დატვირთვა. თუ შეგიძლიათ გამოყოთ რაიმე ეტაპები?
- 1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაციის პერიოდში საქართველოს ნაღები ინტელიგენცია, მისი „მამოძრავებელი ტვინი” გავიდა საზღვარგარეთ. ისტორიულ წიგნებში საუბარია რამოდენიმე ათას კაცზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, მწერლებზე, ხელოვანებზე, ფაქტიურად საქართველოს მთელს ელიტაზე.
მინდა ყურადღება პოლიტიკურ მოღვაწეებზე გავამახვილო, რადგან ისინი იმ დროისათვის ემიგრანტთა ძირითად და გადამწყვეტ ნაწილს წარმოადგენდნენ. მათ მიერ უცხოეთში ჩატარებული ყოველი ქმედება იყო მიმართული საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისაკენ. მათი ერთადერთი მამოძრავებელი მიზანი სამშობლოსათვის თავისუფლების მოპოვება იყო. ეს ფუნქცია ამ ემიგრანტებმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნეს და არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც ისე გარდაიცვალნენ ემიგრაციაში, რომ საქართველოში დაბრუნების იმედით ჩემოდნები არც ამოულაგებიათ.
საბჭოთა კავშირის პერიოდში ემიგრაციას სულ სხვანაირი სახე ჰქონდა. ხალხი გაურბოდა იმ უაზრო მოძალადეობრივ რეჟიმს, რასაც საბჭოთა კავშირში ჰქონდა ადგილი.
მეორე მსოფლიო ომმა წარმოშვა კიდევ დამატებითი ტიპის ემიგრანტები, რომლებიც იყვნენ ან ტყვედ ჩავარდნილი ქართველები, ან სხვადასხვა მიზეზით აქ მოხვედრილი ჩვენი თანამემამულეები. ამ დროისათვის წამოიზარდნენ ასევე ძველ ემიგრანტთა შვილებიც და მათ შექმნეს საქართველოს ახალი განმათავისუფლებელი კომიტეტები.
ომის შემდეგ მათ შეუერთდნენ ტყვედ ჩავარდნილი ქართველები, ქართული ბატალიონის წევრები, რომლებიც გერმანული მხრიდან მზადდებოდნენ და საქართველოს განთავისუფლებაზე მუშაობდნენ. სწორედ მათ მიერ შეიქმნა შემდეგი ემიგრაციული სურათი გერმანიაში.
ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ერთფეროვნად გრძელდებოდა, ვიდრე 70-იან წლებიდან არ გაჩნდა ემიგრანტთა ახალი, თუმცა მცირე, ტალღა – ხელოვანებისა და ხალხისა, რომელიც დისიდენტური მოძრაობის პერიოდში საბჭოთა კავშირის ფსიქოლოგიურ ტერორს განერიდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არის ემიგრაციის უკვე ძალიან ინტენსიური ნაკადი. პირველი ხელისუფლების დამხობის შემდეგ უამრავი ადამიანი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის გარეთ. ამას დაემატა ომები და ლტოლვილების წარმოშობა, რომლებიც, ცხადია, უცხოეთსაც მოეფინენ. შემდეგ იყო სოციალურ-პოლიტიკური სახის ემიგრაცია, იყო სამუშაოს მაძიებელთა ტალღა, რომელთა რაოდენობა დღესაც, მაგალითად, რუსეთსა და საბერძნეთში საოცრად დიდია.
რუსეთში წასული ემიგრაცია ძალიან მრავალფეროვანია, მათ შორის არიან მეცნიერებიც, ექიმებიც, ხელოვანებიც, ბიზნესმენებიც და ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლები. იქ ძალიან დიდი ნაწილი გაიზარდა თუნდაც ახალი ბიზნესმენებისა. საბერძნეთი ცალკე აღსანიშნავი თემაა, სადაც როგორც „უხეში ცნობებით” 300.000–500.000 ემიგრანტ ქალბატონს ასახელებენ, რომლებმაც იქაურობას მიაშურეს 90-იან წლებში თავინთი თავისა და ოჯახების გადასარჩენად.
ბოლო 10 წლის განმავლობაში გერმანიას, იქიდან გამომდინარე რომ სწავლა უფასო იყო, მოეძალა ქართველი ახალგაზრდობა. რადგანაც ჩამოსვლა არც ისე ადვილი გახლდათ, ისინი გარკვეული პროგრამებით ახერხებდნენ აქ მოხვედრას, მაგ. Au-Pair-პროგრამებით ოჯახებში სამუშოად 1 წლის განმავლობაში და შემდეგ ცდილობდნენ აქ დარჩენას და სწავლის გაგრძელებას. ჩემის აზრით, უდიდეს გმირობად არის აღსაქმელი ამ ახალგაზრდების მიღწევები საქართველოსათვის. დაიწყო ბავშვების მომვლელად ოჯახში, შემდეგ ენა შეისწავლო, სტუდენტობა მოახერხო  - არ არის იოლი. პროფესიონალებად ჩამოყალიბებულნი, ისინი ან ჯერ კიდევ გერმანიაში მუშაობენ და გეგმაში აქვთ დაბრუნება ან უკვე დაუბრუნდნენ საქართველოს.
ამ მხრივ ძალიან მისასალმებელი და აღსანიშნავი არის სტუდენტთა მხარდამჭერი ის მრავალი პროგრამა, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გერმანიაში გაჩნდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სტუდენტების საკმაოდ დიდი რიცხვი, რისი წარმოდგენაც თუნდაც 10 წლის წინ შეუძლებელი იყო. ეს საქართველოსათვის არის ძალა და მომავალი, რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ ეს ახალგაზრდები  გაზრდილები, პროფესიონალებად ქცეულები ისევ საქართველოს დაუბრუნდებიან.

- რა ფუნქციები და სპეციფიკა აქვს დღევანდელ გერმანიის ქართულ სათვისტომოს და ვინ არიან მისი წევრები?
- სათვისტომოს ფუნქციების განსაზღვრა არ არის ადვილი, როდესაც ამდენად შეზღუდულია სათვისტომოს შესაძლებლობები. ფუნქციები სწორედ შესაძლებლობებზე არის დამოკიდებული. ორგანიზაციულ და მოქმედების არეალის ზრდასთან ერთად, ჩვენ სათვისტომოს ფუნქციებსაც ვაფართოვებთ. ეს ფუნქციები უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ განისაზღვრება მხოლოდ ქართული ნოსტალგიის დაძლევით, რასთანაც, მაგალითად, 20-30 წლის წინ იყო დაკავშირებული ქართული სათვისტომოს შეხვედრები. დღეს სათვისტომოს ასევე აკისრია ფუნქცია გერმანიაში მოხვედრილ ქართველობას შესაძლებლობისდაგვარად ხელი გაუმართოს, ინფორმაციულად დაეხმაროს და გზამკვლევის როლში მოევლინოს.
რაც შეეხება წევრებს, სათვისტომოს უპირველესი და ყველაზე დაფასებული წევრები ძველი თაობის ქართველები არიან. თუმცა უფრო და უფრო იზრდება ახალგაზრდების რიცხვი. ფაქტიურად, სტუდენტების ან ყოფილი სტუდენტების აქტიურობაზეა დაფუძნებული სათვისტომოს მთელი მუშაობა. ასევე ძალიან მძლავრი არის ქართულ-გერმანული ოჯახების მონაწილეობა სათვისტომოს მოძრაობაში და სხვადასხვა ქალაქებიდან ქართველთა მხარდაჭერა, რაც ასევე ძალიან მისასალმებელია.

- რითი ფინანსდება გერმანიის ქართული სათვისტომო? რამდენია სათვისტომოს წლიური საწევრო გადასახადი? რა ჰქნან მათ, ვისაც სათვისტომოს წევრობა სურთ, მაგარამ არა აქვთ საშუალება საწევროს გადახდისა?

- ფინანსდება კი? ჩვენი ძირითადი ბიუჯეტი შედგება სათვისტომოს წევრების საწევრო გადასახადებისაგან, რომელიც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, შეადგენს 60 ევროს წელიწადში, სტუდენტებისათვის – მხოლოდ 30 ევროს. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც ბიუჯეტზე მეტია, არის სათვისტომოში მუშაობის და იდეების რეალიზაციისათვის შექმნილი ჯანმრთელი გარემო. ეს, თავის მხრივ, სტიმულს აძლევს ხალხს მოვიდნენ ჩვენთან და ასე ვთქვათ, თავიანთი დროის შემოწირულობა გააკეთონ. იმით, რომ ისინი სათვისტომოს სამუშაოებში ერთვებიან, უზარმაზარი წვლილი შეაქვთ საერთო საქმეში. შესაძლებელია ადამიანი არ იყოს სათვისტომოს „გადამხდელი წევრი”, მაგრამ იყოს ჩვენი ორგანიზაციის ძალიან აქტიური წევრი და მისი წვლილი განუზომელი იყოს. ყველას, ვინც სათვისტომოს წესდებას (რაც ჩვენი მუშაობის საფუძველია) ეთანხმება, შეუძლია მისი წევრი გახდეს. მსგავსი წევრობა განსაკუთრებით მოხერხებული და მისაღები არის Aუ-Pაირ გოგო-ბიჭებისათვის და იმ ადამინებისათვის, რომლებიც სხვა ქალაქებიდან აცხადებენ ჩვენი სათვისტომოს წევრებად გახდომის სურვილს, თუმცა ბოლო პერიოდში სხვა ქალაქებში გაზრდილი აქტიურობის პირობებში გადამხდელი წევრები ემატებიან სათვისტომოს და ამით ქმნიან ადგილობრივ სამოქმედო ბიუჯეტებს.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს ერთი იურიდიული საკითხი – როდესაც საქმე არჩევნებსა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას შეეხება, ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ „გადამხდელი წევრების” მიერ, რადგანაც მხოლოდ მათ აქვთ გადამწყვეტი ხმის უფლება.

- იქნებ სათვისტომოს პროექტების შესახებ მოგვიყვეთ.
- სათვისტომოს პროექტების სპეციფიკას რაც შეეხება, ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ქველმოქმედებაა. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების განათლებაში რაიმე სახით წვლილის შეტანა. სწორედ ამ მიზნით ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს. აღსანიშნავია გერმანიაში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს შორის „წლის საუკეთესო სტუდენტის” კონკურსი, რომელსაც უკვე 5-6 წელიწადია წარმატებით ვატარებთ. დაწესებული პრიზი და „წლის საუკეთესო სტუდენტის” ტიტული, ჩვენი მცირედი წვლილია სტუდენტების მოტივაციისათვის, უფრო სწორად კი, მათი კარგი სწავლის პირველადი, ასე ვთქვათ,  დაფასებისათვის.
მეორე პროექტი საქართველოში, კერძოდ კი მესხეთ-ჯავახეთში, ადგილობრივი ორგანიზაციების ხელშეწყობით ტარდება. ეს არის კონკურსი მოსწავლეთა შორის გერმანული ენის ცოდნაში. გერმანიის ქართულმა სათვისტომომ ამ კონკურსის კონცეფციის შემუშავების პერიოდიდანვე დააწესა კონკურსის გამარჯვებულისათვის მთავარი პრიზი – გამარჯვებული მოსწავლის ჩამოყვანა გერმანიაში. აქ მას საშუალება ეძლევა ისწავლოს გიმნაზიაში თავისივე თანატოლებთან ერთად, იმავე კლასში რომელშიც საქართველოში სწავლობს. ეს კონკურსი უკვე სამი წელია რაც ტარდება. მას საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს სკოლებიდან, რომლებშიც ეს ბავშვები სწავლობენ, ასევე მშობლებისაგან, ყველაზე თბილად კი თვითონ ბავშვები იხსენებენ აქ გატარებულ დროს. ისინი აღნიშნავენ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი სკოლაა მათთვის ის ორი-სამი თვე, რომელსაც ისინი გერმანიაში ატარებენ.
სათვისტომოს ერთ-ერთი ძირითადი და შედარებით ძველი პროექტია ქართულენოვანი ჟურნალი „ქართული”. იგი 2003 წლიდან ორ თვეში ერთხელ  გამოდის. ძველი თაობის ემიგრანტების სიხარული მახსოვს ჟურნალის პირველი ნომრის გამოსვლისას, როგორც აღნიშნავდნენ, მათ ყოველთვის ოცნებად ჰქონდათ გადაქცეული ბეჭდვითი ორგანოს ქონა და ეს მხოლოდ ახალგაზრდების შემართების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჟურნალი თანამშრომლობს აშშ-ში გამომავალ ქართულენოვან გაზეთთან და სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. მასში იბეჭდება ასევე ჩვენი გერმანელი მეგობრების სტატიები, მათი საქართველოში მოგზაურობის რეპორტაჟები და შთაბეჭდილებები. ჟურნალმა მიიღო კლასიფიკაციის საერთაშორისო ნომერი და იგი შესულია ბიბლიოთეკათა ქსელში. აქვე მინდა ერთი საინტერესო დეტალის შესახებ გამცნოთ: 1916 წელს დაარსებულ ქართული კომიტეტის ბეჭდვით ორგანოს ასე ერქვა „ქართული გაზეთი”, უბრალოდ შეადარეთ რამდენად დიდი შემთხვევითი თანხვედრაა მაშინდელ – „ქართული გაზეთი” და ახლანდელ  - ჟურნალი „ქართული” - გამოცემების დასახელებებს შორის.
სათვისტომოს მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს ასევე „ქართული საკვირაო სკოლა”, რომელიც წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერითაც სარგებლობს. გაკვეთილების ჩატარებაში პერიოდულად ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზიც მონაწილეობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გერმანიაში სათვისტომოსა და ეკლესიის ურთიერთობის სახით, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი ჩამოყალიბდა. ეკლესიის მრევლის დიდი ნაწილი აქტიურადაა ჩართული სათვისტომოს საქმიანობაში და პირიქითაც, სათვისტომოს მრავალი აქტიური წევრი არის ეკლესიის მრევლის წარმომადგენელი. ასეთი ურთიერთობა არის საფუძველი იმისა, რომ ქართული დიასპორა ერთიანი და შეკრული იყოს.

საკვირაო სკოლის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენს შვილებს არ დავუკარგოთ ჩვენი მშობლიური ენა. გვქონია არაერთი მაგალითი იმისა, რომ ბავშვებს, რომლებიც 3-5 წლის ასაკში ქართულად კარგად საუბრობდნენ, გერმანულ სკოლაში მისვლის შემდეგ გარკვეული პროტესტი გაუჩნდათ – რატომ ისაუბრონ ქართულად, როდესაც მათ გარშემო ყველა ბავშვი გერმანულად საუბრობს. ამ პრობლემის გადაწყვეტა ბავშვის ქართულ საკვირაო სკოლაში მოყვანით შეიძლება. აქ ის ხედავს, რომ არსებობენ სხვა მისი თანატოლებიც, რომლებმაც ქართული ენა იციან და, ხშირ შემთხვევაში, მოხარულიც არის, რომ თვითონაც ჯერ კიდევ შეუძლია რამოდენიმე ქართული სიტყვის თქმა.
სათვისტომოს საკვირაო სკოლა, რომელიც საკვირაო ბაღსაც მოიცავს, განთავსებულია ორგანიზაცია „კარითასის” დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღში. ჩვენ ძალიან მადლობელები ვართ მათი, ვინაიდან მათ უსასყიდლოდ მოგვცეს კვირაობით ამ ბაღით სარგებლობის უფლება. ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გამოყოფილი გვაქვს ცალკე ოთახი, სადაც მათ ბაღში არსებული სათამაშოებით შეუძლიათ, ასევე ქართულ გარემოში, თამაში

გაკვეთილზე საკვირაო სკოლაში

სათვისტომოში ჩამოყალიბდა ცეკვისა და სიმღერის გუნდები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ახალგაზრდების იმ მოზღვავებაზე, რაც ამ ბოლო პერიოდს ახასიათებს ემიგრაციაში. გვაქვს ცეკვის შემსწავლელთა 20-30 კაციანი ჯგუფი, ახალგაზრდები ყოველკვირეულად მეცადინეობენ. ასევე არის ანალოგიური სიდიდის სიმღერის გუნდი. ორივე გუნდს ხელმძღვანელობენ პროფესიონალი ხელოვანები და უკვე საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს. ისინი კონცერტებისა და ფესტივალების არაერთგზის  გამარჯვებულები არიან. ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია ურთიერთობები გერმანულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და მათ ღონისძიებებში გუნდისა და ანსამბლის მონაწილეობა, რაც ქართველი ახალგაზრდების გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრაციის საუკეთესო საშუალება და გზაა.

ანსამბლი “იბერისი”

ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი „ქართული სპორტის ქომაგთა კლუბის” სახით, რომელიც ძალიან ხშირად ახერხებს ქართველი სპორტსმენების გაოცებას, როდესაც მათთვის მოულოდნელად ქართული დროშები იშლება დარბაზებში თუ ტრიბუნებზე და ხდება მათი უსაზღვროდ ემოციური მხარდაჭერა. ვფიქრობ, ეს ამ შორეულ ადგილებში ძალიან მნიშველოვანია ქართველი სპორტსმენებისათვის.

სათვისტომოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია „ოპერების” (Au-Pair) დახმარებისა და მათთვის ხელშეწყობის პროექტი, ანუ იმ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებისა, რომლებიც ოჯახებში ჩამოდიან სამუშაოდ. აღნიშნული პროექტი დაარსდა ამ გზა გავლილი ახალგაზრდების მიერ, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს ეს პრობლემები. ჩამოყალიბებულ იქნა „ცხელი ხაზი”, მასზე უმეტესად ტირილით რეკავენ გაჭირვებაში მყოფი „ოპერები” და რჩევებს პროექტის ინიციატორებისაგან იღებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში (პროექტი უკვე 3 წელია ფუნქციონირებს) ისე არ გადის კვირა, რომ ერთმა „ოპერმა” მაინც არ ითხოვოს დახმარება. ყველა სატელეფონო ზარი იწყება სიტყვებით – მიშველეთ მე ამ ოჯახში ვეღარ გავჩერდები, მე მაქვს უდიდესი პრობლემები, რადგანაც ოჯახი ჩემთვის მიუღებელ ქმედებებს ახორციელებს. არის შემთხვევები, როდესაც „ოპერის” მხრიდანაც ხდება გაუგებრობების წარმოშობის ხელშეწყობა, ძალიან ხშირად კი ჩვენც გაოცებულები ვრჩებით თვითონ ოჯახების  მოქმედებებით.

ქომაგთა კლუბის შეხვედრა ფეხბურთელ მათე ღვინიანიძესთან

თუკი ახალგაზრდა ოჯახიდან უკვე გამოშვებულია, ხდება მისი ჩამოყვანა მიუნხენში და პროექტში ჩართულ ახალგაზრდებთან დაბინავება. ამის შემდეგ ამუშავდება კონტაქტები, რათა მოიძებნოს ახალი ოჯახი, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში „ოპერს” საქართველოში იმედგაცრუებულს მოუწევს დაბრუნება, რაც პიროვნულად მისთვის ტრაგედიას ნიშნავს. ამ წუთებშიც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ორი ახალგაზრდა, რომლებიც ოჯახებიდან სხვადასხვა კონფლიქტების გამო წამოვიდნენ, სათვისტომოს წევრებთან ცხოვრობენ და ელოდებიან ახალ ოჯახებში გადასვლას.
ამ საკითხს სჭირდება უფრო ფართო მიდგომა, საქართველოშივე საჭიროა ინფორმაციული მუშაობა იმ ბავშვებთან, რომლებიც ფიქრობენ გერმანიაში ამ პროგრამით ჩამოსვლას. როგორც ვხედავთ, მათ, ხშირ შემთხვევაში, არა აქვთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უფლებები აქვთ, რა მოვალეობები ეკისრებათ, რა შეიძლება მოსთხოვოს ოჯახმა და რა უნდა შეასრულონ, ამავე დროს, რა შეიძლება მოსთხოვოს ოჯახმა და უნდა იცოდნენ, რომ ის არ უნდა შეასრულონ, რადგანაც ეს სცდება მათი მოვალეობების ფარგლებს. მე მინდა დიდი მადლიერებით აღვნიშნო იმ ახალგაზრდების მუშაობა, რომლებიც თავიანთი დროისა და ენერგიის ხარჯზე (ისინი ძირითადად სტუდენტები არიან) ასეთ გაჭირვებულ გოგო-ბიჭებს გვერდში უდგანან.

Au-Pair -ებისათვის ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა

წელს, სულ რამოდენიმე თვის წინ სათვისტომოში, ასევე ახალგაზრდების ინიციატივით, ჩამოვაყალიბეთ საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის ჯგუფი, რომელმაც მოკლე დროში დაამტკიცა უკვე ამ მიმართულებით სამუშაოების ჩატარების უდიდესი მნიშვნელობა და საჭიროება. თქვენ წარმოიდგინეთ, სტუდენტი გოგო-ბიჭები უკვე საკმაოდ პროფესიონალურად უდგებიან ამ საკითხს და გვაქვს რამოდენიმე შემოთავაზება თანამშრომლობაზე სხვადასხვა გერმანული საზოგადოებებისა და ტურისტული ფირმებისაგან.

ეს არის სათვისტომოს პროექტების არასრული სია. მრავალი სხვა პროექტიც ხორციელდება, მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშნვა, შეხვედრები მეცნიერებთან, ხელოვნების მოღვაწეებთან, მწერლებთან, სპორტსმენებთან, სათვისტომოს ვებ-გვერდის პერიოდული განახლება,  ექსკურსიები, სპორტული ლაშქრობები, დაუგეგმავი პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები
და ა.შ., თუმცა აქ მათზე საუბარი შორს წაგვიყვნას
.

ტურიზმის პროექტის წარმომადგენლები მიუნხენის საერთაშორისო გამოფენაზე

- უკვე ორი წელია, რაც საქართველოში არსებობს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. რა ურთიერთობა აქვს გერმანიის ქართულ სათვისტომოს ამ ორგანოსთან?
- დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის, მე მინდა პირველ რიგში გამოვხატო ჩემი დიდი კმაყოფილება იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოში არსებობს ასეთი აპარატი. რაც უფრო დიდი დრო გადის ვრწმუნდები, რომ მანამდე თურმე დიდი სიცარიელე არსებობდა ამ კუთხით ჩვენს სახელმწიფოში და სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საკმაოდ კარგად შეავსო იგი. ძალიან ბევრი ქართველია სამშობლოს გარეთ გასული და მათთვის თუნდაც იმის შეგრძნების მიცემა, რომ სამშობლოში მათზე ფიქრობენ, უკვე დიდი რამეა.
ამ აპარატმა პირველი ნაბიჯები ბატონი იულონ გაგოშიძის პერიოდში გადადგა და მას საკმაოდ კარგი დასაწყისი მისცა. ბატონი პაპუნა დავითაიას ხელმძღვანელობით ახალი ძალა, ახალი ენერგია შეიძინა სამინისტრომ და მნიშვნელოვან ორგანოდ ჩამოყალიბდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ამ ბოლო პერიოდში არაერთი სერიოზული პროექტი განახორციელა ბიზნესის, მეცნიერების თუ განათლების სისტემის მიმართულებით, იგი აღრმავებს ურთიერთობას უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მეცნიერებთან და მათ მოზიდვას ცდილობს საგანმანათლებლო არეალში. ამით დიდი საქმე კეთდება. ეს ყველაფერი შეიძლება საქართველოზე დღესვე ისე არ აისახოს, როგორც სხვა მიმართულებები, მაგრამ ეს საქართველოს მომავლისათვის ჩადებული კაპიტალია. ჩვენთვის კი – უცხოეთში მყოფი ქართველებისათვის – მათი ყურადღება დღესვე იგრძნობა და დღესვე არის ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, დაარსების დღიდანვე საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდა. მინდა აღვნიშნო მათი დახმარება ჩვენს ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტში (თუმცა ეს უფრო „მძიმე შემთხვევა” იყო, ვიდრე პროექტი). იგი პატარა ბავშვის ავადმყოფობასთან იყო დაკავშირებული და დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დახმარებითა და ჯანმრთელობის სამინისტროს სწორი მოქმედებებით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ინფორმაციული მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ სახელმწიფო მინისრტის აპარატისაგან ვგრძნობთ. მათი გვერდში დგომა ასევე გამოიხატა საკვირაო სკოლებისათვის წიგნების გამოგზავნაში. გარდა ამისა, მათ შეიმუშავეს პროგრამა პედაგოგთა მომზადებისა, რომლის განხორციელებაც ინტერნეტის საშუალებით არის დაგეგმილი. ჩვენი საცეკვაო ჯგუფისათვის, ანსამბლ „იბერისისათვის” მინისტრის აპარატმა წელს საცეკვაო ფორმები და საკრავი ინსტრუმენტები გადმოგვცა, რაც, ცხადია, უდიდეს სილამაზეს ანიჭებს „იბერისის” კონცერტებს.


- გერმანიის ქართულ სათვისტომოს სხვადასხვა ქალაქებში წამორმადგენლობები´- საქალაქო ბიუროები გააჩნია. რა არის საჭირო მსგავსი წარმომადგენლობის დასაფუძნებლად?
- დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა ასეთი წარმომადგენლობების ჩამოყალიბების იდეა. ამას ხელი შეუწყო სხვადასხვა ქალაქებში ჩვენი სათვისტომოს წევრების არსებობამ და მათმა დიდმა სურვილმა ადგილობრივად განეხორციელებინათ სათვისტომოს ტიპის საქმიანობა.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თუკი ნებისმიერ ქალაქში 5-10 პიროვნებამდე შეიკრიბებოდა იმ მიზნით, რომ მსგავსი საქმიანოდა წამოეწყოთ, ყველანაირად დავუჭერდით მათ მხარს, მივეხმარებოდით ჩვენი გამოცდილების გაზიარებით და ჩვენი შესაძლებლობებით. ეს, ჩვენის აზრით, საშუალებას მისცემდა იქ მიმოფანტულ ქართველებს შემოკრებილიყვნენ ასეთი აქტიური ჯგუფების გარშემო საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად.
მსგავსი ბიუროების არსებობა ერთობლივი პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს. მაგალითად, იმის სანაცვლოდ, რომ ბრემენიდან ატირებული „ოპერი” მიუნხენში ჩამოვიყვანოთ (რაც გარკვეულ დროისა და ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული), რათა აქ ახალი ოჯახის მოძებნას დაელოდოს, ბრემენშივე დაელოდება და იქვე მოხდება ახალი ოჯახის მოძებნა სწორედ სათვისტომოს ბიუროს ხელშეწყობით.
გარდა ამისა, სიამოვნებით შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ყველას, ვისაც საკვირაო სკოლის დაარსება სურს. ამ ეტაპზე ფრაიბურგის ქართველებთან ვაწარმოებთ მიმოწერას, ასევე ლაიფციგში ყალიბდება სკოლა. ჩემის აზრით, ყველგან, სადაც არის შესაბამისი რაოდენობის ქართველი ბავშვი, აუცილებელია საკვირაო სკოლის ჩამოყალიბება.
ერთობლივი მუშაობის კარგი საფუძველი არის ასევე ქართული სპორტის ქომაგობა. როდესაც რომელიმე ქალაქში სპორტული ღონისძიება ტარდება ქართველების მონაწილეობით, იქ მიუნხენიდან ტრადიციულად ავტობუსებით ჩადიან ახალგაზრდები. ადგილობრივი ქართველების დახვედრა და სპორტული სტუმრობისათვის აგრეთვე კულტურული სახის (მაგ. ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერებით) მიცემა, ჩემის აზრით, საინტერესო უნდა იყოს.
ერთიანობის შემთხვევაში, სათვისტომოს საქალაქო ბიუროები და ასევე არსებული ქართულენოვანი ორგანიზაციები დიდი ძალა იქნება.

- ბატონო ლერი, თქვენ გაქვთ იდეა ე.წ. „მრგვალი მაგიდის” ჩამოყალიბებისა. რას ითვალისწინებს და რა ეტაპზეა იგი?
- „მრგვალი მაგიდა” უფრო ძველი იდეაა, ვიდრე საქალაქო ბიუროების შექმნა. იგი ითვალისწინებდა ქართული და ქართულ-გერმანული ორგანიზაციების ერთი, ასე ვთქვათ, მრგვალი მაგიდის გარშემო დასმას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო კოორდინირებული მუშაობა.
საქალაქო ბიუროებისაგან განსხვავებით, მრგვალი მაგიდის იდეა მოიცავდა უკვე არსებული ორგანიზაციების ერთ მაგიდასთად შეკრებას. სწორედ მრავალრიცხოვნება ორგანიზაციებისა და მათი მოღვაწეობის მრავალფეროვნება ძალიან კარგ სპექტრს ქმნის გერმანიაში ქართველების არსებობისა და ცხოვრებისა. ეს მრავალფეროვნება შენარჩუნებული უნდა იქნეს, მაგრამ, ამავე დროს, საჭიროა რაღაცა სახის კოორდინაცია და „მრგვალი მაგიდა” ამისათვის ძალიან მისაღებ ფორმად მეჩვენება. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ქართველების ერთიანობაა და ეს იქნებოდა ამ მიმართულებით გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯი, რითიც ვიტყოდით: აქ ქართველები ერთად ვართ ყველა!
ესაუბრა
ნინო ხაბელაშვილი

ქომაგთა კლუბის შეხვედრა ფეხბურთელ მათე ღვინიანიძესთან
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 20 ნოემბერი 2012 20:31
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები