დიასპორების სამინისტრო გილოცავთ! ბეჭდვა
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2011 20:32

მირზა (პაპუნა) დავითაიას მილოცვა

ძვირფასო თანამემამულეებო,

გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს. მინდა გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა, სულიერი სიმტკიცე, წარმატებები თქვენს საქმიანობაში, თქვენი ქვეყნის შენება და განვითარება.

2011 წელი ჩვენი უწყებისთვის წარმატებული წელიწადი იყო. თანამემამულეებზე ზრუნვა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტად გაიზარდა. ამის დასტურია ჩვენი აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო და ძალაში 2012 წლის მარტიდან შევა. ამ ახალი კანონმდებლობით სახელმწიფო ცდილობს დაეხმაროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს ისტორიულ სამშობლოსთან უკეთ ინტეგრირების პროცესში, მიანიჭოს სამართლებრივი სტატუსი და გარკვეული პრივილეგიები. ჩვენთვის უმთავრესია ჩვენმა თანამემამულეებმა შეძლონ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რაოდენ დიდი მანძილი და დროც არ უნდა აშორებდეთ მათ საქართველოსგან. სწორედ ამიტომ 2011 წელს სახელმწიფოს ერთ–ერთი პრიორიტეტი საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლების გაძლიერება და მათთვის ერთიანი  სასწავლო პროგრამის შექმნა იყო. კულტურის სფეროში სახელმწიფომ განახორციელა პროგრამა უცხოეთში არსებული ქართული ფოლკლორული ანსამბლების ქართული ნაციონალური სამოსით და საჭირო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად, რაც, მიგვაჩნია, რომ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ჩვენი თანამემამულეების მიერ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენს თანამემამულეებთან მიმართებით ბევრი პრობლემა კვლავ მოსაგვარებელია, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა თქვენ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მეტი თანადგომა იგრძნოთ, რისთვისაც, მსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი უწყება არ დაიშურებს ენერგიას და ახალი ძალისხმევით ეცდება თქვენი ინტერესების დაცვას და სამშობლოსთან თქვენს უფრო დაახლოებას და ინტეგრირებას, ეცდება თქვენი ნიჭი და ენერგია კვლავ თქვენს ქვეყანას მოახმაროთ.

დაე დამდეგი 2012 წელი ყოფილიყოს თქვენთვის კეთილდღეობის წელი, სიკეთე, ბედნიერება, ახალი წარმატებები და გამარჯვებები დაგბედებოდეთ.

 

მირზა (პაპუნა) დავითაია

სახელმწიფო მინისტრი დიასპორების საკითხებში

ბოლოს განახლდა კვირა, 29 იანვარი 2012 12:59