Home ქომაგთა კლუბი "ივერიელი" სიახლენი ქართველი “პელე” FC Bayern-ის ბავშვთა საფეხბურთო გუნდში
20 | 04 | 2024
ქართველი “პელე” FC Bayern-ის ბავშვთა საფეხბურთო გუნდში ბეჭდვა
მიუნხენში სულ ახლახან გერმანიის ქართულ სათვისტომოში დაარსებულმა ქართული სპორტის ქომაგთა კლუბმა ,,ივერიელმა” უკვე რამოდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყება და სისრულეში მოყვანა შეძლო. მათ შორის ყველაზე ახალი და შეიძლება ითქვას თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდი პროექტი საქართველოდან ახალგაზრდა ფეხბურთელების გერმანიაში ჩამოყვანას და მათ ახალგაზრდულ საფეხბურთო კლუბების ვარჯიშებში მონაწილეობას ითვალისწინებს. ,,ნავსის გამტეხი” და დებიუტანტი 14 წლის ფეხბურთელი დათო ჯიქია იყო, მასპინძელი კი FC Bayern-ის საბავშვო გუნდი.
(სურათები იხილეთ აქ
)

ბავარიის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელებმა დათო საინტერესო მოთამაშედ დაახასიათეს და კარგი მომავალი უწინასწარმეტყველეს. მათ ისიც კი აღნიშნეს, რომ FC Bayern-ის საბავშვო გუნდი მას თავის შემადგენლობაში სიამოვნებით აიყვანდა, ის რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე რომ ყოფილიყო. საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, ეს მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდება და ფაქტიურად გადაულახავ ბარიერს ქმნის. თუმცა, FC Bayern-ის სკაუტებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ დათოს მომავალშიც აქტიურად დააკვირდებიან.

-    დათო რატომ გაჰყევი ფეხბურთს და არა სხვა რომელიმე სპორტის სახეობას?
-    6 წლის ვიყავი როცა მამაჩემმა ფეხბურთზე შემიყვანა. ძალიან მომეწონა და იმის შემდეგ თამაშისთვის თავი არ დამინებებია. ვთვლი, რომ მამაჩემის დიდი დამსახურებაა, ფეხბურთი რომ ასე ძალიან მიყვარს. სხვა სპორტზე არასდროს არ მიფიქრია.
-   რომელ გუნდებში გაქვს ნათამაშები?
-    ..ვაკე 91“-ში ვთამაშობდი ხუთი წელი. ამის შემდეგ გადავედი ,,საბურთალოში“, მერე 34-ე სკოლის გუნდში და ბოლოს ,,ოლიმპში“ აღმოვჩნდი, სადაც ეხლაც ვთამაშობ.
-   სამომავლოდ რომელ გუნდს უმიზნებ?
-    მანჩესტერში ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით.
-   გყავს საყვარელი ფეხბურთელი?
-    ძნელია გამორჩევა, თუმცა ალბათ უფრო ფერნანდო ტორესი.
-   რომელი ფეხბურთელის მსგავსი ფეხბურთი გინდა ითამაშო?
-    პელესნაირი (ჩვენი ინფორმაციით, მას გუნდში მეგობრები პელეს ეძახიან)
-   თავიდანვე თავდასხმაში თამაშობდი თუ მოგვიანებით იფიქრე რომ ეს უკეთესად გამოგდიოდა?
-    ფეხბურთში შეიძლება ითქვას, რომ მთავარი გოლის გატანაა. აქედან გამომდინარე, მგონია რომ ყველაზე კარგი პოზიცია თავდამსხმელის პოზიციაა. არც მიფიქრია სხვაგან მეთამაშა. ისეც მგონია, რომ ეს ყველაზე უკეთ გამომდის.
ბაიერნის მწვრთნელებმა საინტერესო მოთამაშედ დაგახასიათიეს, რა არის შენი აზრით შენს თამაშში საინტერესო?
-    მაგას მე ვერ ვიტყვი, ეგ მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ. თავის შექება არ მინდა, მაგრამ მე მგონი მწვრთნელმა რაც იფიქრა ისაა, რომ ყველაფრით კარგად ვთამაშობ: მარჯვენით, მარცხენით, ფეხით და ხელით (იცინის).
-    შენთვის რას ნიშნავდა ,,ივერიელის” ამ პროექტში მონაწილეობის მიღება და FC Bayern-ის ბავშვების გუნდში თამაში?
-    ძალიან მიხარია, რომ პროექტის პირველი მონაწილე მე ვარ. სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი რომ FC Bayern-ში მოვხვდებოდი სათამაშოდ. გახარებული ვარ და მინდა კიდევ უფრო კარგად ვითამაშო.
-   თვლი, რომ ამ ერთ კვირაში შენ რამე ახალი ისწავლე, რაც თუნდაც იმაში გამოგადგება, რომ თამაში გააუმჯობესო?
-    იმას ვერ ვიტყვი, რომ აქ რამე ისეთი ვისწავლე, რაც საქართველოში არ ვიცით. აქ რაც თვალში მომხვდა არის ის, რომ თავგანწირვით  იბრძვიან ბურთისთვის. ერთმანეთს არ ინდობენ, შეიძლება ფეხები დაამტვრიონ ერთმანეთს თვით ვარჯიშებზეც კი. ჩვენ ვერიდებით ერთმანეთისთვის ტრამვის მიყენებას. გერმანელი მწრთვნელები იშვიათად აჯარიმებენ ვარჯიშის დროს. აქაური ფეხბურთელი ბავშვები ფიზიკურად უფრო კარგად არიან მომზადებულები, ვიდრე ტექნიკურად. ესენი სწორი და სწრაფი პასის გაკეთებაზე და სისწრაფეზე არიან ორიენტირებულები.
-   რა აქვთ აქ ისეთი რასაც ისურვებდი, რომ შენს გუნდსაც ჰქონოდა საქართველოში?
-    პირველ რიგში ინფრასტრუქტურა. ბალახი და მოწესრიგებული სტადიონი, რაც თბილისში და მთელ საქართველოში ჭირს. ასევე მინდა რომ საქართველოში ბევრი და კარგად გამართული ბაზა გვქონდეს.
-    გერმანიასთან შედარებით რამდენად დიდი ყურადღება ექცევა საქართველოში ბავშვთა ფეხბურთს?
-    მე როგორც ვნახე, აქ ბავშვების განვითარებას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ამას ვერ ვიტყვი საქართველოზე, რაზეც გული მწყდება. ეს გამოიხატება კიდეც ჩვენს თამაშში და გერმანელების თამაშში.
-   შენს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რის გაკეთებას აპირებ იმისთვის, რომ მანჩესტერში მოხვდე?
-    ვაპირებ ვივარჯიშო ძალიან, ძალიან ბევრი, რომ მივაღწიო ჩემს საყვარელ გუნდამდე. ვეცდები ისე კარგად ვითამაშო, რომ საქართველოს გარეთ მოვეწონო ვინმეს და საზღვარგარეთ წამოვიდე სათამაშოდ. მარტო საქართველოში თამაშით ვერ შევძლებ ჩემი მიზნის მიღწევას.
-   ,,ივერიელის“ ამ პროექტზე რას იტყოდი, თვლი რომ კარგია და უნდა გააგრძელოს არსებობა?
-    კი. ძალიან კარგი პროექტია და ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს და მთლიანად ქომაგთა კლუბ ,,ივერიელს“. ვთვლი რომ ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებში მოტივაცია გაიზარდოს და ნიჭიერ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცეთ წამოვიდნენ საზღვარგარეთ გამოცდილების მისაღებად. ასევე მინდა რომ ჩემს მწვრთვნელებს გუბაზ დოლიძის ხელმძღვანელობით დიდი მადლობა მოვუხადო. ასევე ფიფას აგენტ რევაზ კუხალეიშვილს და საერთოდ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დამეხმარა მიუნხენში წამოსვლაში და აქ ყოფნის დროს. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო მოგზაურობა იყო, შევიძინე უდიდესი გამოცდილება და მივიღე უდიდესი მოტივაცია, რომ უფრო მონდომებით ვივარჯიშო და ვითამაშო.

 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები