Home აქ ქართველები ერთად ვართ ყველა!
08 | 11 | 2024
გერმანიის ქართული სათვისტომო 65 წლისაა! PDF ბეჭდვა ელფოსტა
User Rating: / 21
PoorBest 
პარასკევი, 25 მარტი 2011 19:40

"აქ ქართველები ერთად ვართ ყველა!"

2010 წლის 6 ნოემბერს გერმანიის ქართულმა სათვისტომომ თავისი არსებობის 65 წლის იუბილე აღნიშნა. 1945 წელს დაარსებულმა გაერთიანებამ თავისი განვითარების მანძილზე სხვადასხვა ეტაპები განვლო და აქტიურ კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

 

საზეიმო საღამო, რომელსაც 300-მდე სტუმარი ესწრებოდა, სათვისტომოს რიგით მერვე თავმჯდომარემ, დოქტორმა ლერი დათაშვილმა გახსნა. იგი გულითადად მიესალმა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებიდან (ბერლინიდან, ბონიდან, ბრემენიდან, ჰამბურგიდან, ლაიფციგიდან, ნიურნბერგიდან, რეგენსბურგიდან, შტუტგარტიდან...) ჩამოსულ ქართველებს, საქართველოს გერმანელ მეგობრებს,  გერმანულ-ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ქართული სათვისტომოების წევრებს. მან უნიკალური საარქივო ფოტომასალა წარმოადგინა და ვრცლად ისაუბრა სათვისტომოს ჩამოყალიბებისა და მისი ისტორიის შესახებ. ბატონმა ლერიმ გერმანიაში ემიგრანტთა განსხვავებული ტალღების არსებობაზე გაამახვილა ყურადღება და სათვისტომოს შესაბამის ცვლილებებს შეეხო. „ბატონი კარლო ინასარიძე მეუბნებოდა ხოლმე, რომ პოლიტიკის გარეშე არ უნდა დარჩენილიყო სათვისტომო (ის ხომ სულ ებრძოდა სსრკ-ს თავისი სიტყვით, ხოლო საქართველოში პოლიტიკას არა ქართველები, არამედ იმპერია განსაზღვრავდა). მიუხედავად საქველმოქმედო ორგანიზაციად გარდაქმნისა, პოლიტიკიდან შორს ვერ წავედით რუსული აგრესიის გამო, ანუ საქართველოს საგარეო საფრთხეების გამო, და ერთად ვიდექით ქართველნი და ქართველთა მეგობარნი. ასევეა საქართველოს შიდა საქმეებშიც. მიუღებელია აქ, საქართველოს საზღვრებს გარეთ, შიდა პოლიტიკური სხვადასხვაობის გადმოტანა, ვინაიდან, მიუხედავად ემიგრაციის პოლიტიკური სიჭრელისა, საქართველო ჩვენთვის ერთ მთლიანობას წარმოადგენს და მას ჰქვია ჩვენი სამშობლო – თავისუფალი საქართველო.”

ბატონმა ლერიმ ინგოლშტატის ქართული კამერულ ორკესტრს „სათვისტომოს საპატიო წევრ ორგანიზაციად” არჩევა მიულოცა. აღსანიშნავია, რომ ორკესტრი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც მსგავსი წევრობა მიიღო.

„აქ ქართველები ერთად ვართ ყველაო” – სიხარულით  დაასრულა თავისი გამოსვლა თავმჯდომარემ და სიტყვა პროექტების ხელმძღვანელებს გადასცა, რომელთაც თავიანთი მოხსენებებით გერმანიის ქართული სათვისტომოს საქმიანობის მრავალფეროვანი არეალი გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.

სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარემ ბატონმა ვახტანგ ჩხაიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში გაიხსენა საზოგადოების ყოფილი ხელმძღვანელები – სანდრო კორძაია (1945-1953 წწ.), გიორგი მაღალაშვილი (1953-1958 წწ.), ვანო ანდრონიკაშვილი (1958-1962 წწ.), ნიკო ნაკაიძე (1962-1967 წწ.), გიორგი ვეფხვაძე (1967-1984 წწ.) და ქრისტეფორე კირკიტაძე (1984-2001 წწ.). „მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველას პირადად ვიცნობდი, ბევრ მათთაგანთან ვმეგობრობდი კიდეც. მე ვიცნობდი მათ კეთილშობილურ რწმენას და მათ პატრიოტულ იდეალებს. დარწმუნებული ვარ, ისინი, როგორც საკუთარი ქვეყნის საამაყო შვილები, დამსახურებულ ადგილს დაიკავებენ სამშობლოს ისტორიაში.” თავად ბატონი ვახტანგი გერმანიის ქართულ სათვისტომოს გარდამავალ პერიოდში სამი წლის მანძილზე ედგა სათავეში.

„როცა 65 წლის იუბილეზე ვსაუბრობთ, უნდა გავიაზროთ, რომ ეს ზოგიერთი ჩვენთაგანისათვის ძალიან დიდი დროა, ზოგისთვის ცხოვრების ნაწილია და ზოგისთვის მთელი ცხოვრებაა. მთელი ცხოვრება, რომელიც აქ მყოფმა უხუცესმა ქართველებმა უცხოეთში ქართული სულის, ტრადიციის, ენის და კულტურის შენარჩუნებას მიუძღვნეს... მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც არ ივიწყებს თავის კულტურას, უვლის და უყვარს თავისი, შეუძლია განიცადოს სრულყოფილი ინტეგრაცია უცხო ქვეყნის საზოგადოებაში.” – აღნიშნა დეკანოზმა თამაზმა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მიუნხენის ქართული ეკლესიის სახელით მიესალმა სტუმრებს და სათვისტომოს დაარსებიდან 65 წლისთავი მიულოცა.

ამ თარიღის მოსალოცად მიუნხენს ბერლინის ქართული სახლის წევრები ეწვივნენ. მათ დიდი მადლობა გადაუხადეს ძველი თაობის წარმომადგენლებს, რადგან მათ საფუძველი ჩაუყარეს ქართულ დიასპორას, რომელიც მაგალითი გახდა სხვა მრავალი საზოგადოებების შექმნისა და მოღვაწეობისათვის. „ამ საღამოს შეკრებილი საზოგადოებისათვის ნათელია, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოქმედი დიასპორის არსებობა თითოეული სამშობლოდან დაშორებული ქართველის ყოფიერებაში”. სწორედ ამ მადლიერების გამოხატვა გახდა ბერლინის ქართული სახლის მიერ დაწესებული ორდენები, რომლებითაც მათ გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე და წევრები (ქრისტეფორე კირკიტაძე,  ვახტანგ ჩხაიძე, თამარ ჩოფიკაშვილი-ვესტი, კონსტანტინე მაღალოვი) დააჯილდოვეს.

შეხვედრაზე დასასწრებად ყველაზე დიდი გზა ქალბატონმა ნატალია კაპანაძემ განვლო. იგი გერმანიაში ქალაქ ათენიდან ჩამოვიდა და იქვე 2006 წელს დაარსებულ „საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირს” წარმოადგენდა. ქალბატონმა ნატალიამ სტუმრებს თავიანთი ორგანიზაციის საქმიანობა გააცნო და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს გაერთიანებისაკენ და სამშობლოს კეთილდღეობისათვის სასიკეთო საქმეების კეთებისაკენ მოუწოდა. “მთელ მსოფლიოში გაბნეულ ქართველ ემიგრანტებს გაერთიანებას ვუსურვებთ, რათა ერთ დღეს ყველანი ერთად დავადგეთ საქართველოსაკენ მიმავალ გზას. მოსეს აღთქმული ქვეყანა ჩვენთვის საქართველოა!”

მისასალმებელ სიტყვებსა და საზეიმო გამოსვლებს საკონცერტო ნომრები ენაცვლებოდა. სათვისტომოს სიმღერის გუნდ „იბერისთან” ერთად საღამო გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ხელოვანებმა გაალამაზეს. მათ შორის იყვნენ ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრის წევრები და ჯგუფი „თჰე შჰინ”. ამ უკანასკნელის მუსიკამ სტუმრები ადგილზე ააცეკვა და ყველა შინისაკენ, საქართველოსაკენ გაიტაცა.

საიუბილეო შეხვედრას არც ქართული კერძები და ღვინო აკლდა და არც მესვეურთა ყურადღება.

დასასრულს, ისევ დეკანოზ თამაზის სიტყვებს მოვიშველიებ: „უფალი ბრძანებს: თუ ორნი ან სამნი ჩემი სახელით შეიკრიბებიან მე უკვე ვარ მათ შორის”. ამ საღამოს ასე შეგვიძლია ვთქვათ: თუ ორი, სამი ან, ისე როგორც დღეს, ბევრი ქართველი შეიკრიბება სამშობლოს ხსოვნით და სიყვარულით, მაშინ იქვე, მათ შორის არის საქართველოც”.

ნოემბრის იმ საღამოს მიუნხენში შეკრებილთა გულებში ნამდვილად იყო საქართველო, იყო ურთიერთგაგება და იმედი – იმედი გაერთიანებისა, იმედი დაბრუნებისა და უკეთესი მომავლისა.

ნ. ხაბელაშვილი

 

ლერი

ვახტანგი

მამა თამაზი


 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები